შანსი

,,შანსი’’ ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ელელემბრას” შვილობილი ორგანიზაციაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

პროგრამის ბენეფიციარები არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოტივირებული, მიზანდასახული და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მოწყვლადობიდან გამომდინარე, ცხოვრების საწყის ეტაპზე ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად სწავლისა და პროფესიული განვითარების შეთავსებას. შესაბამისად, ,,შანსი’’ მათ სთავაზობს კომპლექსურ მხარდაჭერას. პროგრამა სამიზნე ჯგუფს ეხმარება პროფესიულ თვითგამორკვევაში, აკადემიური განათლების მიღებასა და ყველა იმ უნარ-ჩვევით აღჭურვაში, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციისთვის.

გარდა განათლების ხელშეწყობისა, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების სოციალიზაცია და მათი არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაზრდაა, შესაბამისად, ,,შანსი’’ მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროში აღიარებულ პირებს, აწყობს დისკუსიებსა და ტრენინგ-სესიებს, რომლებიც მორგებულია ბენეფიციარების ინტერესებზე. სწავლის და პიროვნული განვითარების წახალისების მიზნით, პროგრამა ,,შანსის’’ მონაწილე ყველა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდა იღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, რომელსაც თავად განკარგავს. ,,შანსში’’ ბენეფიციარების მიღება კონკრეტული კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდა მოწყვლად ჯგუფს უნდა წარმოადგენდეს, ამჟამად იმყოფებოდეს სახელმწიფო ზრუნვაში ან უნდა იყოს სისტემიდან ახლად გამოსული. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს მხარდაჭერას ინდივიდუალურ დონეზე უწევს.

ახალგაზრდების ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით პროგრამა ,,შანსის’’ ბაზაზე დაარსებული ორგანიზაცია ,,თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის’’ პროგრამის ბენეფიციარებს უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს, რომელიც სრულად აღჭურვილი და კეთილმოწყობილია.

,,შანსის’’ დაარსების დღიდან პროგრამის რესურსით 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა. ორგანიზაცია ამჟამადაც აქტიურად აგრძელებს ახალი ბენეფიციარების მიღებასა და მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვას.